პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

27.09.26 10:29
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ტრაქტორ-მისაბმელი პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეაჯახა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ორი ქალი და ბავშვი. 


თავდასხმა 26 სექტემბერს დერა-ისმაილ-ხანის რაიონში, ამან-მელას საკონტროლო პუნქტთან მოხდა. აფეთქებამ პუნქტის დიდი ნაწილი და მის გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე პაკისტანის „თალიბანმა“ (TTP) აიღო. 


თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების ავტომობილსაც, რომელსაც აფეთქების ადგილიდან დაღუპულები გადაჰყავდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი მაშველი, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა. 


პაკისტანის ხელისუფლებამ თავდასხმა დაგმო. ქვეყნის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცველების ტერორისტების სამიზნედ ქცევა დაუშვებელია, შინაგან საქმეთა მინისტრ მოჰსინ ნაკვის განცხადებით კი, მსგავსი თავდასხმები „ტერორიზმთან ბრძოლაში ერის მტკიცე გადაწყვეტილებას ვერ შეარყევს“.

მსგავსი სიახლეები