რომის პაპი ომში მონაწილე მხარეებს მოლაპარაკებისა და პოზიციების დათმობისკენ მოუწოდებს

29.09.26 10:22
რომის პაპი ომში მონაწილე მხარეებს მოლაპარაკებისა და პოზიციების დათმობისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ლეო XIV ომში მონაწილე მხარეებს მოლაპარაკებებისა და მშვიდობის მისაღწევად გარკვეული პოზიციების დათმობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პონტიფიკოსმა საფრანგეთის ქალაქ მეცში, ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ლეო XIV-ს კონკრეტულად რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი არ უხსენებია, თუმცა აღნიშნა, რომ ომი ევროპის კონტინენტზე დაბრუნდა და ყოველდღიურად მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს იწირავს. 

„ჩვენ გვჭირდება მოთმინებით დიალოგი, გამბედაობა მოლაპარაკებებში და მზადყოფნა, მშვიდობის უფრო დიდი სიკეთისთვის გარკვეული პოზიციები დავთმოთ“, - განაცხადა რომის პაპმა.

პონტიფიკოსის თქმით, მშვიდობისკენ სწრაფვა „გულუბრყვილო პაციფიზმში“ არ უნდა აგვერიოს, თუმცა, მისივე განცხადებით, საჭიროა თავის დაცვა ილუზიისგან, რომ „გადაიარაღება პასუხია“. მან ასევე გაიმეორა შეფასება ევროპაში მიმდინარე ომის შესახებ და მას „ახალი უაზრო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა.