მოსკოვში უკრაინის ყოფილი პრემიერის პრესმდივნის ავტომობილი აფეთქდა - სერგეი ზავოროტნი მძიმედ დაშავდა
მოსკოვში, ჩერტანოვოს რაიონში, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიკოლა აზაროვის ყოფილი პრესმდივნის, სერგეი ზავოროტნის ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა 13 ნოემბერს, დილით, კიროვოგრადის ქუჩაზე მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, Toyota Fortuner-ის მარკის ავტომობილი მოძრაობის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც 72 წლის ზავოროტნი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობებით, მამაკაცმა მარცხენა ხელი დაკარგა და სხეულის სხვა დაზიანებებიც მიიღო. რუსული Telegram-არხი SHOT წერს, რომ ავტომობილის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფეთქების მიზეზისა და შესაძლო დამნაშავეების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ზავოროტნი წლების განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა. 2014 წლის შემდეგ ის რუსეთში გადავიდა და აზაროვის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობდა.