რუსეთში აშშ-ს საელჩომ შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა
რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა.
"აშშ-ს საელჩოსთვის ირკუტსკის ოლქის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შედეგად ერთი პირის გარდაცვალების, აგრეთვე ირკუტსკში მასთან დაკავშირებული საკარანტინო ზომებისა და საავადმყოფოების დახურვის შესახებ ცნობილია. ჩვენ ვაგრძელებთ ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას. აშშ-ს მთავრობას რუსეთში, განსაკუთრებით კი მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ს მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, აშშ-ს მთავრობის თანამშრომლებს, შესაძლოა, დაუწესდეთ დამატებითი შეზღუდვები კონკრეტულ რეგიონებში როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი მიზნებით გადაადგილებაზე.
რუსეთისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მე-4 დონის სამოგზაურო გაფრთხილება (არ იმოგზაუროთ) კვლავ ძალაში რჩება. რუსეთში მყოფმა აშშ-ს მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. აშშ-ს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, უკანონო დაკავების საფრთხისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, კვლავ მკაცრად ეძლევათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ ვიზიტისგან." - წერია საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
კითხვები პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირკუტსკის ანტიჭირის ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომლი გარდაიცვალა. ქალი 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, ქალს ლაბორატორიაში შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, თუმცა რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს ეს ვერსია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. ოფიციალური ინფორმაციით, ქალს „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა.