ესპანეთში გარდაიცვალა ქალი, რომლის გამოსახლებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია

08.10.26 10:42
ესპანეთში გარდაიცვალა ქალი, რომლის გამოსახლებამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია

მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა 87 წლის მარიკარმენ აბასკალი, რომლის იძულებით გამოსახლებას ნაქირავები ბინიდან, ესპანეთში მასობრივი საპროტესტო აქციები და ამ პროტესტის ფონზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

ცნობა მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შესახებ მადრიდის „არენდატორთა კავშირმა“ 7 ოქტომბერს, დღის ბოლოს გაავრცელა.

გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.

87 წლის მარიკარმენ აბასკალი 23 სექტემბერს საკუთარი ბინიდან - სადაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა - საკაცით იძულებით გაიყვანეს, რადგან ქირის გაზრდილი საფასურის გადახდა ვეღარ შეძლო.

მოგვიანებით, ბინის მფლობელმა კომპანიამ მას საცხოვრებელში დაბრუნება უფრო დაბალ ფასად შესთავაზა, თუმცა ქალმა ხელშეკრულების გაფორმება ვერ შეძლო, რადგან უკვე საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

BBC-ი წერს, რომ აბასკალის გარდაცვალების შესახებ ცნობას მადრიდის „პუერტა-დელ-სოლის“ მოედანზე, სადაც აბასკალის გამოსახლების შემდეგ ათასობით ადამიანი ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოთხოვნით იკრიბება, მწუხარებით შეხვდნენ და მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მოედნის გარშემო კი ათობით სანთელი აანთეს. პლაკატებზე ეწერა: „ეს სიკვდილი კი არა, მკვლელობაა“, „ბრძოლა გრძელდება“ და „მარი კარმენი - მთელი ქვეყნის ბებია“; ასევე სხვა მსგავსი შინაარსის წარწერები.

ამის შემდეგ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა „პუერტა დელ სოლიდან“ ესპანეთის პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყო; ისინი სკანდირებდნენ: „აღარ დავუშვებთ გამოსახლების არცერთ შემთხვევას“ და „ბრძოლა გრძელდება, მარი კარმენი კვლავ ცოცხალია“.