ლიდა მონიავას ელექტრონული სამაჯური მოხსნეს

08.10.26 18:37
ლიდა მონიავას ელექტრონული სამაჯური მოხსნეს

რუსეთში ბავშვთა პალიატიური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის, „Дом с маяком“-ის დამფუძნებელს, ლიდა მონიავას ელექტრონული სამაჯური მოხსნეს. სამაჯურთან ერთად გაუქმდა ყველა შეზღუდვაც.

„მე ისევ თქვენთან ვარ“, - დაწერა მონიავამ, დამოუკიდებელი რუსული პრესის ცნობით.

  • 2 სექტემბერს მონიავას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დააკავეს. მონიავას ბრალი წაუყენეს სამხედრო „ფეიკების“ მუხლით იმ პოსტის გამო, სადაც მას მოყვანილი ჰქონდა გაეროს მონაცემები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ. მოგვიანებით სასამართლომ მას გარკვეული ქმედებების აკრძალვა შეუფარდა. მაშინ მონიავამ თქვა, რომ დატოვებდა ჰოსპისის დირექტორის პოსტს, მაგრამ რუსეთში დარჩებოდა.

მონიავამ აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრების პირველ დღეებში ადამიანები აუქმებდნენ ჰოსპისისადმი შემოწირულობებს, თუმცა შემდეგ დაიწყეს თანხების გაზრდა და ახალი გამოწერების გაფორმება. ყველა მსხვილმა დონორმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ფონდის მხარდაჭერას.

მონიავამ მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებსა და ადვოკატებს, მიხაილ ბირიუკოვსა და მარია ეისმონტს. მან ასევე მხარი დაუჭირა უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლებასა და ომის დასრულებას:

  • „ყველაზე მეტად ამქვეყნად მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ რაკეტებისა და დრონებისგან.“