"მოდით, ჩავუკეტოთ კარი ევროკავშირში არსებულ „რუსული ჯაშუშობის ბუდეებს“ - რას ითხოვს 71 ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ინიციატივით, 71-მა ევროპარლამენტარმა ევროსაბჭოს თავმჯდომარეს, ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, კაია კალასს მიმართეს მოთხოვნით, რომ ევროკავშირის 15 წევრ სახელმწიფოში მოქმედი "რუსული სახლების" დასახურად ზომები განისაზღვროს. ამ ცნობას ავრცელებს LRT.
ევროპარლამენტარების განცხადებით, ესენია "რუსული ჯაშუშური ცენტრები ევროპაში, რომლებიც მოქმედებენ ევროკავშირის წინააღმდეგ და კოორდინირებას უწევენ საზღვარგარეთიდან გატარებულ ოპერაციებს, ინფორმაციით მანიპულირებისთვის და ჩარევისთვის".
- მიმართვის თანახმად, „რუსული სახლები“ აგრძელებენ ფუნქციონირებას ევროკავშირის 15 წევრ სახელმწიფოში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, სლოვაკეთი და ესპანეთი.
"მოდით, ჩავუკეტოთ კარი ევროკავშირში არსებულ „რუსული ჯაშუშობის ბუდეებს“ - ითხოვენ ევროპარლამენტარები.
"რუსული სახლების" სახელით მოიხსენიებენ სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" საგარეო წარმომადგენლობებს. სააგენტოს ვებსაიტის თანახმად, ამჟამად ორგანიზაცია მოქმედებს მსოფლიოს 71 ქვეყანაში, 87 წარმომადგენლობით და მისი მთავარი მისიაა მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაზრდა. უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ევროკომისიამ "როსსოტრუდნიჩესტვოს" სანქციები დაუწესა, მაგრამ "რუსულმა სახლებმა" მუშაობა განაგრძეს.
დოკუმენტის ავტორები იხსენებენ, რომ ევროკავშირმა, სანქციების სიაში "როსსოტრუდნიჩესტვოს" ჩართვით მიუთითა, რომ რუსეთის ეს სააგენტო აერთიანებს გავლენის აგენტებს, აფინანსებს პროპაგანდისტულ პროექტებს და ავრცელებს "კრემლის ნარატივებსა და ისტორიულ რევიზიონიზმს".