დრონებმა ვლადიმირში „იანდექსის“ უდიდეს მონაცემთა ცენტრს დაარტყეს - გათიშულია 80-ზე მეტი სერვისი, ტაქსი და საბანკო აპლიკაციები

11.10.26 10:23
დრონებმა ვლადიმირში „იანდექსის“ უდიდეს მონაცემთა ცენტრს დაარტყეს - გათიშულია 80-ზე მეტი სერვისი, ტაქსი და საბანკო აპლიკაციები

რუსეთის ქალაქ ვლადიმირში უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად კომპანია „იანდექსის“ (Yandex) გიგანტური მონაცემთა ცენტრი (Data Center) დაზიანდა. დარტყმის შემდეგ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ცენტრმა ფუნქციონირება სრულად შეწყვიტა, რამაც კომპანიის ეკოსისტემაში მასშტაბური კოლაფსი გამოიწვია.

როგორც საგამოძიებო მედია Astra წერს, ღამით ვლადიმირის მცხოვრებლები დრონების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდნენ, დილის დაახლოებით 04:00 საათზე კი „იანდექსმა“ განაცხადა მასშტაბური შეფერხებისა და ელექტრომომარაგების შეწყვეტის შესახებ ზონაში ru-central1-a. ეს ზონა ფიზიკურად განთავსებულია ვლადიმირში, ენერგეტიკის მიკრორაიონში მდებარე „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრში. პირველი ობიექტი აქ 2017 წლიდან ფუნქციონირებდა, ხოლო 2026 წლის მარტში კომპანიამ იქვე გაუშვა ახალი, 40 მგვტ სიმძლავრის ცენტრი, რომელიც 2800 სასერვერო სადგამზეა გათვლილი.

ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ თავდასხმის შემდეგ ქალაქი კვამლმა მოიცვა; ვრცელდება აფეთქებისა და ხანძრის ამსახველი კადრებიც. თავად „იანდექსში“ დაადასტურეს, რომ დრონების დარტყმის გამო ვლადიმირის მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერებულია და გათიშულია 80-ზე მეტი სერვისი, მათ შორის: „Яндекс Дом“, „Яндекс Музыка“, „Телемост“ და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის (Yandex Cloud) სრული სპექტრი.

მონაცემთა ცენტრის გათიშვამ რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ სერიოზული პრობლემები შექმნა:

ტაქსის სერვისი: შეფერხებები დაფიქსირდა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, პერმში, კრასნოიარსკში, ვლადივოსტოკში, ულან-უდეში და რუსეთის სხვა ქალაქებში. აპლიკაცია შეცდომას აგდებს საზღვარგარეთაც - სერბეთში, ყაზახეთში, ბელარუსსა და სომხეთში. მძღოლები ვერ შედიან სისტემაში ან ნავიგაცია არ მუშაობს, ხოლო მგზავრებს უჩვენებს, რომ ხაზზე მანქანები არ არის.

სავაჭრო და საბანკო ქსელები: გათიშულია საცალო ქსელების - „Fix-price“-ისა და „Магнит“-ის აპლიკაციები. „Яндекс Pay“-ს მწყობრიდან გამოსვლის გამო მომხმარებელთა ნაწილმა წვდომა დაკარგა საბანკო სერვისებსა და საკუთარ ფინანსებზე.

„იანდექსში“ აცხადებენ, რომ მონაცემთა ცენტრში დაზიანებული აპარატურის აღდგენის ზუსტი ვადების დასახელება ამ ეტაპზე უკიდურესად რთულია.

ვლადიმირის ობიექტი უკვე მესამე მონაცემთა ცენტრია რუსეთის ფედერაციაში, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინული დრონების სამიზნე გახდა.

მსგავსი სიახლეები