რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში 6 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც
რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ოლქსა და ივანო-ფრანკივსკზე განხორციელებულ თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.
ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. დაზიანდა სასურსათო მაღაზია, ხუთი ავტომობილი, ორი მრავალბინიანი და ერთი კერძო საცხოვრებელი სახლი.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ივანო-ფრანკივსკზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.