ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტით ემუქრება - Financial Times

12.10.26 11:19
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას იარაღისა და სადაზვერვო ინფორმაციის შეწყვეტით ემუქრება - Financial Times

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს. Financial Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს ამერიკული იარაღის შესყიდვის მექანიზმის შეჩერებითა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.

გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები 10 და 11 ოქტომბერს უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტა მოსთხოვეს.
ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი PURL-ის პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა ფინანსდება.

ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ე.წ. ენერგეტიკული ზავის შესახებ განაცხადა. თუმცა კიევში აღნიშნეს, რომ ასეთი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.