ლვოვის ოლქში რუსული დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა
13 ოქტომბერს, დილით, უკრაინის ლვოვის ოლქის სოფელ მუროვანეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამი ავტომობილიც.
ამის შესახებ ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ჩამოგდებული მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ლვოვის რაიონის სოფელ მუროვანეში საცხოვრებელ სახლს დაეცა. იწვის ორი სახლი“, - დაწერა კოზიცკიმ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დრონის ჩამოვარდნის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.