რუსული „სბერბანკი“ ადასტურებს, რომ მათ მონაცემთა ცენტრზე დრონით თავდასხმა მოხდა
„სბერბანკი“ ადასტურებს, რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში, მის მონაცემთა ცენტრზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს.
მედიასთან საუბარში „სბერბანკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ვედიახინმა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულებრივად მუშაობს და არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
„ჩვენ ვადასტურებთ მონაცემთა ცენტრზე თავდასხმას. Sberbank-ის ყველა სისტემა და სერვისი ნორმალურად და შეუფერხებლად მუშაობს. არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა“, - თქვა მან.
14 ოქტომბრის დილით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა სარატოვის ოლქში დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა. კერძოდ, ბალაკოვოში რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ინფრასტრუქტურული ობიექტები ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ბალაკოვოს მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ბარულინის თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი გაუქმდა.