"ანკლავები და ექსკლავები აღარ უნდა არსებობდეს" - ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა

14.10.26 19:20
"ანკლავები და ექსკლავები აღარ უნდა არსებობდეს" - ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა

"ანკლავები და ექსკლავები აღარ უნდა არსებობდეს" - სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

  • ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთ-ერთი გადაუჭრელი საკითხია. ფაშინიანის მიერ შეთავაზებული ფორმულა გულისხმობს ტერიტორიების გაცვლას ისე, რომ ორივე ქვეყანამ შეინარჩუნოს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფართობი.

14 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფაშინიანმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა, როგორი უნდა იყოს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ.

მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიის ფართობი 29 743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს, ხოლო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ქვეყნებს შორის ყველა გზა და სატრანსპორტო კომუნიკაცია უნდა გაიხსნას, ხოლო ერევანმა და ბაქომ ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიაზე უნდა თქვან უარი.

„ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი შემდეგი ფორმულით უნდა გადაწყდეს: საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდეს ანკლავები და ექსკლავები. ანუ ორმა ქვეყანამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ზუსტად თანაბარი ფართობის ტერიტორიები უნდა გაცვალონ.

თურქმენეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი კონტაქტების შედეგებიდან გამომდინარე, წინასწარი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მშვიდობას ასეთი სახე მივცეთ. უახლოეს მომავალში ამ შესაძლებლობის რეალიზებაზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

  • შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტები განსაკუთრებით გააქტიურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმებული ტექსტის პარაფირება მოახდინეს.
  • თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი. ბაქო მის ხელმოწერამდე სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს.