ერდოღანი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმებს გმობს და მხარეებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შავ ზღვაში სავაჭრო და სამოქალაქო გემებზე გახშირებული თავდასხმები მკაცრად დაგმო. ლიდერების შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სწორედ რეგიონში ნაოსნობის უსაფრთხოების გარანტიები იყო.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის ლიდერმა დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისა და პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდა. ერდოღანის თქმით, ანკარა ნაოსნობის უსაფრთხოების საკითხს მოსკოვთან დიალოგის დროსაც დააყენებს.
„შავ ზღვაში კომერციულ და სამოქალაქო გემებზე თავდასხმები მიუღებელია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაღალი პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ ნაოსნობის უსაფრთხოების შემლახველი ნებისმიერი ნაბიჯისგან. ამ საკითხს, ნაოსნობის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უახლოეს პერიოდში რუსულ მხარესთანაც უშუალოდ განვიხილავ, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე დარტყმების მორატორიუმის ინიციატივა ჯერ კიდევ აგვისტოში წამოაყენა. კიევმა პროცესისთვის მზადყოფნა დააფიქსირა, თუმცა მოსკოვის მხრიდან დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.