ლეპენის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინისთვის მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.
მისი თქმით, საფრანგეთს არ აქვს საბიუჯეტო რესურსი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გასაწევად, თუმცა შეასრულებს უკრაინის მიმართ უკვე აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ სესხის ფარგლებში.
ამის შესახებ ლე პენმა საფრანგეთში უკრაინის ელჩთან, ვადიმ ომელჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.
განცხადების თანახმად, ლე პენმა ელჩს სთხოვა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაეცა, რომ იგი მზად არის მას ბრიუსელში ან პარიზში შეხვდეს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2027 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, მარინ ლე პენი ფავორიტად მიიჩნევა.