ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვს

17.11.26 10:33
ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. ზელენსკის შეფასებით, საუბარი რთული იყო, თუმცა მხარეებმა კონკრეტულ შედეგს მიაღწიეს.

16 ნოემბრის ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და უკრაინული მხარე კონსტრუქციულ თანამშრომლობას აგრძელებს.

„დღეს უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფებს შორის კიდევ ერთი საუბარი შედგა. დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს უშედეგო არ იქნება. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ომის ღირსეული დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ონლაინფორმატში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ევროპული მხრიდან კი ჩართული იყვნენ საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის, ასევე ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და NATO-ს წარმომადგენლები.

„საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვს: ბერლინში, მსურველთა კოალიციის ფარგლებში, შევხვდებით და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებს შევიმუშავებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები