ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდა

17.11.26 10:39
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესდა. გადაწყვეტილების მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებისთვის რუსეთის ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვაა.

ევროკავშირის საბჭოს მიერ 16 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სანქციების სიაში თითქმის 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა. შეზღუდვები შეეხო ელექტრონული კომერციის სექტორსაც, მათ შორის, კომპანიების - Wildberries-ისა და Ozon-ის მსხვილ მეწილეებს.

სანქციები გავრცელდა რუსეთის ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებზე, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებსა და სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში ჩართულ ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ ბიზნესსუბიექტებზე.

ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, შეზღუდვების მიზანი რუსეთისთვის იმ ფინანსური არხების გადაკეტვაა, რომლებიც სახელმწიფო შემოსავლების მოძრაობასა და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ახალი სანქციების ფარგლებში შავ სიაში შეყვანილ პირებსა და ორგანიზაციებს აქტივები გაეყინებათ. ამასთან, ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედ სუბიექტებს მათთვის ფინანსური სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება ეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები