რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად იქნება - ბრიტანეთის საგარეო მინისტრი

01.02.22 10:21
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების  პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად იქნება - ბრიტანეთის საგარეო მინისტრი

გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციებს 10 თებერვლისთვის წარადგენს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. 

ეს პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად იქნება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ფართომასშტაბიანი სანქციები სხვადასხვა კატეგორიაში, რომელიც რეალურად მიმართული იქნება ყველას წინააღმდეგ, ვინც სტრატეგიულ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევს რუსეთის რეჟიმს,  - განაცხადა ტრასმა.

მისი თქმით, აღნიშნულ სანქციებს ვერავინ დაემალება.

დასამალი არსად იქნება. ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ,  - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში კრემლთან დაახლოებული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. აღნიშნულს  კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი ზომების მიღება რუსულ ბიზნესზე თავდასხმის ტოლფასია.