რუსეთმა უკრაინაში ომის დასაწყებად შესაძლოა, ინსცენირებული პროპაგანდისტული ვიდეოები გამოაქვეყნოს - აშშ-ს დაზვერვა

04.02.22 10:35
რუსეთმა უკრაინაში ომის დასაწყებად შესაძლოა, ინსცენირებული პროპაგანდისტული ვიდეოები გამოაქვეყნოს - აშშ-ს დაზვერვა

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გეგმა შექმნა, რომელიც ინსცენირებული თავდასხმების ამსახველი პროპაგანდისტული ვიდეოების წარმოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, გაყალბებულ ვიდეოში აფეთქების გრაფიკული შედეგები იქნება ასახული, რომლის ვითომდა სამიზნე რუსები არიან. 

ვიდეო გამოქვეყნდება იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება და ასევე სამხედრო ოპერაციების დასაწყებად საფუძვლის გასამყარებლად, - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეოს გავრცელება ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაწყებად და გასამართლებლად მიზეზად სჭირდება. 

საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც გააკეთა.

ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი იმ ვარიანტებიდან, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამუშავებს, როგორც ყალბ საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად და პოტენციურად გასამართლებლად,  - განუცხადა პრაისმა ჟურნალისტებს.