"ტერორიზმი და გენოციდი უკრაინელების მხრიდან" - პუტინი თავის მართლების რეჟიმშია

უკრაინელი ჯარისკაცები ტერორისტებივით იქცევიან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა ანტონიო გუტიერეშს რეალობის საპირისპირო სურათი დაუხატა და უთხრა, რომ გენოციდს არა რუსეთი, არამედ თავად უკრაინა 2014 წლიდან მოყოლებული აწყობს.
პუტინმა ასევე, "აზოვსტალის" ბუნკერებში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინულმა არმიამ ისინი უნდა გაუშვან.
უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის, რომ იქ მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში არიან სამოქალაქო პირები. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული არმიის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებულები არიან ისინი გამოუშვან, თუ არადა, ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც ისლამური სახლემწიფო სირიაში, რომელიც ეფარება სამოქალაქო მოსახლეობას. ყველაზე მარტივი რაც უნდა გაკეთდეს, გამოუშვან ეს ადამიანები. კომბინატი სრულად არის იზოლირებული და იქ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. ბუჩაში კი შევეჯახეთ პროვოკაციას, რომელტანაც რუსეთის არმიას არ გააჩნია არავითარი შეხება. ჩვენ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა, ვინ ამზადებდა ამ პროვოკაციას. ყველა პრობლემა უკრაინაში წარმოიშვა 2014 წელს იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ. ჩვენ იძულებულები ვიყავით ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკები იქ მიმდინარე გენოციდის შესაჩერებლად დამოუკიდებლად გვეღიარებინა. ჩვენ ჯერ კიდევ ველით და ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური შეთანხმება მიიღწევა, - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო შეშფოთება გამოთქვა. ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგის მომხრეა.
ჩვენ არ ვართ მოლაპარაკების მხარე, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს. ჩვენი მთავრი ამოცანა უკავშირდება უკრაინაში ვიტარების შეცვლას. ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. შეშოთებულები ვართ უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამოც, - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.