მარიუპოლი: 14 საევაკუციო ავტობუსიდან ზაპოროჟიეში მხოლოდ 3 ჩავიდა

14 ავტობუსიდან, რომლითაც მარიუპოლიდან ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა, ზაპოროჟიეში მხოლოდ 3 ჩავიდა. დანარჩენი ადამიანების ბედი და ადგილსამყოფელი უცნობია. ინფორმაციას ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო, ავრცელებს. მისივე ცნობით, კიდევ 1000-ზე მეტი მოქალაქე ევაკუაციის მოლოდინშია.
როდესაც განვაცხადეთ, რომ რუსულმა მხარესთან ევაკუაციასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, სამი ლოკაცია განვსაზღვრეთ, მაგრამ 14 ავტობუსი ორ ლოკაციაზე მოვიდა, აქედან მხოლოდ 3 ჩამოვიდა უკრაინაში. გვესმის, რომ 11 ავტობუსი სადღაც დაიკარგა. ისინი ზაპოროჟიეს მიმართულებით უნდა წამოსულყვნენ, თუმცა როგორ ჩანს, საფილტაციო ბანაკებში დაიკარგნენ, - ამბობს ბოიჩენკო.
მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქში ამ დროისათვის 4 საფილტრაციო ბანაკია. ის ასევე ყვება, რომ ყველას, ვისაც სახელმწიფო, ან მუნიციპალურ სამსახურთან აქვს კავშირი, რუსები ციხეში სვამენ და აწამებენ. დაკავებულებს ოკუპანტები ჩამოჯდომის საშუალებას არ აძლევენ, უარს ეუბნებიან კვებაზე და მხოლოდ წყალზე ჰყავთ.