რუსულ აგრესიას კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა - ოკუპანტებმა პრივოლიე დაბომბეს

08.05.22 10:25
რუსულ აგრესიას კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა - ოკუპანტებმა პრივოლიე დაბომბეს

რუსული არმიის აგრესიას უკრაინაში კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა -  სოფელი პრივოლიე ოკუპანტებმა "გრადებით" დაბომბეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სერგეი გაიდაის ცნობით, სწრაფი რეაგირების სამსახურმა 11 და 14 წლის ბიჭების ცხედრები საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახა. 12 და 8 წლის გოგონებმა და ასევე, 69 წლის ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. 

რუსმა მკვლელებმა პრივოლიე "გრადებით" დაბომბეს. დაიღუპა 2 ბავშვი. ქალი და კიდევ 2 ბავშვი მძიმედ არიან დაჭრილები, - წერს სერგეი გაიდაი სოციალურ ქსელში. 

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისკენ მოუწოდა.