რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს

14.09.23 22:19
რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება შვიდ დღეში მოსთხოვა. სამინისტროს ინფორმაციით, 14 სექტემბერს ელჩი ლინ ტრეისი გამოიძახეს და ოფიციალური ნოტა გადასცეს "დიპლომატიურ სტატუსთან შეუფერებელი საქმიანობის გამო". საუბარია აშშ-ის საელჩოს პირველ მდივანზე, ჯეფრი სილინსა და მეორე მდივანზე, დეივიდ ბერნსტაინზე.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი დიპლომატები კონტაქტს ინარჩუნებდნენ რუსეთის მოქალაქე რობერტ შონოვთან, რომელიც თითქოსდა ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ იღებდა დავალებებს, რომელთა მიზანიც რუსეთის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენება იყო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შონოვის დაკავება დაგმო და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. დეპარტამენტის ცნობით, შონოვი მუშაობდა ვლადივოსტოკში 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო 2021 წლის აპრილში საკონსულოს დახურვის შემდეგ მუშაობდა კომპანიაში, რომელთანაც გაფორმდა კონტრაქტი მოსკოვში აშშ-ს საელჩოს მომსახურების მიწოდებაზე.