ქართუ SWIFT-დან გათიშვის საფრთხის ქვეშ - რა ბედი ეწევათ ივანიშვილსა და მის ბიზნეს პარტნიორებს
"ქართუ ბანკის" დასანქცირება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ მისი ბიზნეს გარემოცვისთვისაც მძიმე დარტყმა იქნება, - ასეთია ფინანისტების მოლოდინები მას შემდეგ, რაც "ევროპის სახალხო პარტიამ" "ქართუ ბანკის" SWIFT-დან გათიშვა ოფიციალურად მოითხოვა.
ირაკლი აბესაძე ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მალე დაასანქცირებენ.
"ქართუ ბანკის" დასანქცირება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ივანიშვილზეც და ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორებზე. არა მხოლოდ "ქართუ ბანკის", არამედ ზოგადად ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი დასაქნცირება გარდაუვალია და ახლო მომავალში უნდა ველოდოთ"- თქვა აბესაძემ.
რაც შეეხება "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ბიძინა ივანიშვილი "ქართუს" დამფუძნებელი აღარ არის", ექსპერტი აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა ივანიშვილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუზე" გადაფორმებულ ბანკს პირადი მიზნებისთვის იყენებს.
"ქართუ ბანკი" გადაფორმებული აქვს საქველმოქმედო ფონდ "ქართუზე" და გვიმტკიცებს, რომ თითქოს, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" ქონებას ის არ იყენებს პირადი მიზნებისთვის, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ "საქართველოს ბანკიდან" 2 მილიონი დოლარის გამოსატანად სწორედ საქველმოქმედო ფონდის ქონება გამოიყენა გარანტიად ივანიშვილმა.
რეალურად, ეს არის ფორმალურად გადატანილი ქონება. ზუსტად ასევე არის "ქართუ ბანკი" ფორმალურად საქველმოქმედო ფონდში გადატანილი და რეალურად ემსახურება ივანიშვილის კომპანიებს", - დასძინა ირაკლი აბესაძემ.
ამავე პოზიციას იზიარებს ეკონომისტი აკაკი ცომაიაც. როგორც ის "პირველებთან" ამბობს, "ქართუ ბანკის" დასანქცირება ამავე ბანკის ბენეფიციარებს დიდ ზიანს მიაყენებს.
"ქართუს" დასანქცირება, თუ ის მართლაც დასანქცირდა, ბევრ ადამიანს, რომელსაც "ქართუს" მეშვეობით აქვთ გარკვეული ფინანსური ოპერაციები, მათ კეთილდღეობას საკმაოდ დიდ დარტყმას და საფრთხეს შეუქმნის. ამ ადამიანებს მოუწევთ სხვა მექანიზმების მოფიქრება, როგორ განახორციელონ ფინანსური მაქინაციები". - განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია მიიღო - EPP მოითხოვს, რომ ივანიშვილის "ქართუ ბანკი" SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშონ.
რა წერია დოკუმენტი? - სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე.