ექსკლუზივი: ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

14.05.25 12:31
ექსკლუზივი: ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა

"ტვ პირველის" ექსკლუზიური ინფორმაციით,  ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა - დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ "პირველები" ჯერ კიდევ გუშინ აწვდიდა ინფორმაციას მაყურებელს. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზოიძე უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს და FACEBOOK-ზე გადადგომის შესახებ განცხადებას რამდენიმე წუთში დადებს. 

ზოიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს -  ეს უკანასკნელი თორნიკე რიჟვაძის უახლოეს გარემოცვად მიიჩნეოდა. მისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა, მან ლევან ზოიძის და თანამდებობიდან მუშაობის დაწყების პირველივე დღეს გაათავისუფლა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 13 მაისს, თანამდებობა დატოვა ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახლო მეგობარი და ნათელ-მირონია. 

ჩიქოვანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება FACEBOOK-ზე გაავრცელა. "პირველების" წყაროს ცნობით, ის რომ თანამდებობიდან უშვებდენ, მერმა რამდენიმე საათით ადრე გაიგო. 

თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. რიჟვაძე  "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაშიც ვეღარ მოხვდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - გადადგომიდან მელევე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.