ირაკლი კობახიძე: ბაჩიაშვილი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში არ გაგვიცვლია

27.05.25 13:48
ირაკლი კობახიძე: ბაჩიაშვილი პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში არ გაგვიცვლია

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტობის კანდიდატურიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის მოხსნა გიორგი ბაჩიაშვილზე არ გაუცვლიათ.

"ქართულ ოცნებასა" და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მომხდარ შესაძლო გარიგებაზე კითხვა "პირველებმა" მას შემდეგ დასვა, რაც ექსპერტებმა ეს ვერსია დაუშვეს. 

კობახიძე ამ ვერსიას „ყოვლად შეურაცხმყოფელს“ უწოდებს და ირწმუნება, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება ბევრად ადრე მიიღეს, თუმცა „ოცნების“ პრემიერს განმარტება არც დღეს გაუკეთებია. 

„ყოველმხრივ შეურაცხმყოფელია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება, მაგრამ ჩვენ ვიცით, ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს, მათ არანაირი ზღვარი არ აქვთ, როდესაც საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება.

რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს მე განვმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას სხვა არაფერთან ჰქონია შეხება. მიზეზი ის იყო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, რა შუაშია აქ რაიმე სხვა დეტალი, ბევრად უფრო ადრე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მიიღებოდა გადაწყვეტილებები, შესაბამისად ეს ცარიელი სპეკულაციაა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

The Diplomat-მა 13 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს აღარ დაუჭერდა.

  • გამოცემამ დაწერა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი ყოფილიყო.

არაბთა გაერთიანებული საამიროებთან შესაძლო გარიგებზე რეპორტაჟი "ტვ პირველის" ეთერში წინა კვირას გავიდა. 

უფრო კონკრეტულად: 

  • მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს, საექსპერტო წრეებში გაჩნდა ვარაუდი, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტიდან საქართველოს კანდიდატურის მოხსნა დიდი გარიგების ნაწილი იყო. 
  • ერთ-ერთი ვერსიით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი ოცნების რეჟიმისთვის უნდა გადაეცა. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს