ვახტანგ გომელაურმა პროკურატურა დატოვა - ექს მინისტრის პირველი კომენტარი

14.06.25 19:43
ვახტანგ გომელაურმა პროკურატურა დატოვა - ექს მინისტრის პირველი კომენტარი

ვახტანგ გომელაურმა პროკურატურა დატოვა - შინაგან საქმეთა ექს მინისტრმა და სუს-ის ყოფილმა უფროსმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პროკურატურაში "ჩორჩანას" ეპიზოდთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები. 

ყოფილ მინისტრს გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, მან ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის ამბავი პოსტ ფაქტუმ გაიგო.

გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ - ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე,- ამბობს გამოკითხვიდან გამოსული გომელაური. 

მისივე თქმით,  როდესაც საქმე მსგავს საკითხებს ეხება, ის თანხმდება, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ისე სხვა ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, თუმცა მისივე მტკიცებით, ამ შემთხვევაში მისი სამსახური ინფორმირებული არ იყო.

ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა... გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ.

ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა...

შეიძლება საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით, ესეც შეიძლება. ყველას ჩვენ გვახსოვს წინა ისტორიიდან, თუნდაც 90-იანების, თუნდაც მაგ მიმართულებით, სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი, ეგრე დაიწყო.

ალბათ თვითონ უნდა თქვას [გიორგი გახარიამ], რა მიზანი ჰქონდა. რა უნდა გაეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს? ტრაქტორები უნდა მიმეყვანა და მომეტაცა [საგუშაგო]? ჩემი უფლებამოსილება რაც იყო, გავაკეთე ის. აქ დეტალებს ვერ მოვყვები, თუ დაწყებულია გამოძიება თუ მოკვლევა, თუ რაც არის, ნახავენ, რაც გავაკეთე. მე თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო.

უსაფრთხოების სამსახურს რა უფლებამოსილებაც აქვს, ინფორმირება, ეს, ეს, ეს...მე ყველაფერი გავაკეთე“, - უთხრა გამოკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. 

გომელაური ამტკიცებს, რომ ჩორჩანაში წარმოშობდა ომის საფრთხეს. გადამდგარი შინაგან საქმეთა მინისტრი არ პასუხობს კითხვას, მისი ჩვენება შეიძლება თუ არა გახდეს გიორგი გახარიას დაკავების მიზეზი. 

ვფიქრობ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაედგა, თუმცა გიორგი გახარია იქნებოდა, ვახტანგ გომელაური თუ ვინ, ეს უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ ერთობლივი ინფორმაცია, დამუშავებული უნდა წასულიყო პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ უნდა დაგვებარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გვეთქვა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ ეს უნდა შევიყვანოთ. ეს არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ შეუთანხმებია და თუ სხვაგან შეათანხმა... ყველა თავისას იტყვის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, კითხვაზე, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, გომელაური ამბობს, რომ რაც მისი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება იყო, ის გააკეთა.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

მსგავსი სიახლეები