"ოცნების" ნარატივი ზუსტად კრემლის პროპაგანდის მსგავსი ტყუილია - ექსკლუზიური ინტერვიუ რასა იუკნევიჩიანესთან
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ბოლო ორი თვის განმავლობაში რეგიონში, საქართველოს გვერდის ავლით უკვე მეორედ იმყოფება. კაია კალასი ჯერ აზერბაიჯანში ჩავიდა, ახლა სომხეთს სტუმრობს.
რატომ გაქრა საქართველო? - ამ კითხვით "პირველებმა" ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელს რასა იუკნევიჩიანეს მიმართა.
გავლენიანი ევროდეპუტატი "ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" თვითგამოცხადებული მთავრობაა და მათი წარმომადგენლების მტკიცება, რომ მათ წინააღმდეგ ევროკავშირი "უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს", ტყუილია.
ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე მიენიჭა, არამედ ეს სტატუსი ევროკავშირმა პროევროპელ საზოგადოებას მისცა.
რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, "ქართული ოცნების" პასუხიმგებლობაა, რომ ევროკავშირი ვეღარ ეხმარება ქართველ ხალხს გადადგან კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი წინ ევროინტეგრაციის გზაზე.
სომეხი ხალხი ისტორიულ გადაწყვეტილებებს იღებს. დემოკრატიული განვითარების გარეშე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატება გამორიცხულია და სწორედ ამიტომ არის კაია კალასის ვიზიტი ერევანში ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის "ქართული ოცნების" მთავრობა თვითგამოცხადებული მთავრობაა. საქართველო წლების წინ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში იყო ლიდერი სახელმწიფო. ახლა ლიდერის დროშა სომხეთს უჭირავს და როდესაც ვუყურებთ რა ხდება თბილისში და რა ხდება ერევანში, სამწუხაროდ ერევანი ბევრად უფრო თავისუფლად და დემოკრატიულად გამოიყურება. რაც შეეხება "ქართული ოცნების" მტკიცებას, რომ მათ წინააღმდეგ ევროკავშირი უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს, ეს რა თქმა უნდა ტყუილია. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა არა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, არამედ ეს სტატუსი ჩვენ ქართველს ხალხს მივეცით, რადგან საზოგადოებაა ამ ქვეყანაში პროევროპული.
ამიტომ ტყუილია ყველაფერი რასაც თვითგამოცხადებული მთავრობა ამბობს, ყველაფერი რეალურად პირიქითაა. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ ევროპიდან ვეღარ ვეხმარებით ხალხს გადადგან კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ "ქართული ოცნების" ნარატივი ზუსტად კრემლის პროპაგანდის მსგავსი ტყუილია. ძალიან რთული სანახავია საქართველოში ავტორიტარული, კრემლის სტილის, მე ვიტყოდი საბჭოთა სტილის მმართველობა," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ასევე, დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
ცნობისთვის, ევრომისიის გადაწყვეტილება ძალაშია - ევროკავშირის 11 ქვეყანამ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე ჩინოვნიკებისთვის სანქციები უკვე აამოქმედა. ინფორმაციას "ევროსკოპი" სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ის, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ვიზის გარეშე ვეღარ შედის, დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.