კალაძე: ავარიულ კორპუსში მცხოვრები ხალხი იმაზე მეტ ფართს ითხოვს, ვიდრე დღეს ცხოვრობენ

16.07.25 13:49
კალაძე: ავარიულ კორპუსში მცხოვრები ხალხი იმაზე მეტ ფართს ითხოვს, ვიდრე დღეს ცხოვრობენ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში დაახლოებით 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობაა, რომელთაც დემონტაჟი და ახალი კორპუსებით ჩანაცვლება ესაჭიროებათ. მისივე თქმით, მთავარ წინაღობას მოსახლეობის მოთხოვნები წარმოადგენს:

შენობა-ნაგებობები თბილისში ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. რაც ჩვენ დავითვალეთ, დაახლოებით, 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა ავარიული, რომელსაც დემონტაჟი, განახლება, ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლება სჭირდება [...] როცა საუბარი ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს, ძალიან ხშირად, უმეტეს შემთხვევაში, ვაწყდებით პრობლემას, როცა ავარიულ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა იმაზე მეტ ფართს ითხოვს, ვიდრე დღეს ისინი ცხოვრობენ.

მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ჩვენ იმის უფლებამოსილება არ გვაქვს, რომ მოსახლეს იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ, ვიდრე სადაც ისინი ცხოვრობენ, - თქვა კალაძემ.

მერის თქმით, ბოლო დღეებში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს „მოსახლეობის 100%-ის თანხმობის გარეშე, მათი კორპუსებიდან გამოყვანა შესაძლებელია“, რაც მისივე მტკიცებით, „ტყუილია“. 

ბოლო დღეების განმავლობაში, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, მოსახლეობის 100%-ის თანხმობის გარეშე, მათი კორპუსებიდან გამოყვანა შესაძლებელია - ეს ტყუილია, - თქვა კალაძემ.  

მსგავსი სიახლეები