"ქართულ ოცნების" წევრებთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ და არც მანამდე, “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, არ ჰქონია.
არანაირი კომუნიკაცია მათთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ისედაც არ მაქვს, -ამბობს ის.
თავდაცვის ექს მინისტრის თქმით, არ იცის, შეხვდა თუ არა ივანიშვილის პარტიის მაღალჩინოსნებიდან ვინმეს ირაკლი ღარიბაშვილი.
„პირველების“ კითხვაზე, არსებობს თუ არა დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილსა და “ოცნებას“ შორის, ექს მინისტრი აღნიშნავს, რომ “არც მაგის შესახებ იცის რამე.“
არ ვიცი, მე არ ვარ ჩართული ზოგადად ამ პროცესებში, არც ვყოფილვარ",- განმარტავს ჯუანშერ ბურჭულაძე.
ყოფილი მაღალჩინოსანი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა ისევ მოხდეს, თუმცა ამბობს, რომ მას საეჭვო შესყიდვების განხორციელების და სავარაუდო, კორუფციული სქემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გამორიცხული არ არის ბუნებრივია, თუ გამოძიება გაგრძელდება და რამე ახალი გარემოება გამოვლინდება, მზად ვარ, ვუპასუხო... მანამდე დაკითხვები საქმიანობაზე იყო ინტერესის სფერო, ეს ვიცოდი, თუმცა, არც კომპანიებს, არც ამ პიროვნებებს, ვინც დასახელდა, მე არანაირი შეხება არ მაქვს და არც ვიცნობ, -აცხადებს ის.
კიდევ ერთ კითხვაზე, ჩააყენეს თუ არა საქმის კურსში ვასილ მხეიძემ და მისმა მოადგილემ ბურჭულაძე შემდეგნაირად პასუხობს:
ბუნებრივია, რომ აქ რომ რაღაც პრობლემა იყო, ამასთან დაკავშირებით ვიცოდი, ნათესავიდან გამომდინარე, თუმცა, დეტალები არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ ჩემი ნათესავი მანამდე დაკითხვაზე იყო, მქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ დეტალები არ გამივლია, სავარაუდოდ, თვითონაც ნაკლებად იყო ინფორმირებული, სიმართლე გითხრათ, მეც არ მინდოდა, მცოდნოდა დეტალები, ამ საქმესთან დაკავშირებით, -უთხრა „პირველებს“ ექს მინისტრმა.
ასევე ნახეთ:
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი დუმილს პირველად “პირველებთან“ არღვევს.
- ექსკლუზივი: ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ წინა კვირას წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.