როგორ აღმოჩნდა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

11.08.25 15:31
როგორ აღმოჩნდა საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

"ქართული ოცნება" აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებას, მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევს,  თუმცა ბიძინა ივანიშვილის  მიერ დაფუძნებული პარტიის წარმომადგენლები გადაჭრით არ პასუხობენ კითხვას - თუ რატომ დარჩა საქართველო აღნიშნული პროცესის მიღმა. 

სად არის საქართველო ასეთ დროს? - ჟურნალისტის შესამამის კითხვაზე ირაკლი კობახიძის პასუხი ასეთია: 

"საბოლოო ჯამში ჩვენთვის პრინციპული რაც არის, ეს არის ის, რომ დამტკიცდეს ჩვენი დამოუკიდებლობა. იგივე მიდგომა აქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც, მაქსიმალური თავისუფლება, მაქსიმალური დამოუკიდებლობა, ეს ხელს შეუწყობს, როგორც მშვიდობის განმტკიცებას, ისე კეთილდღეობის განმტკიცებას. 

საქართველოს უკავია ყველა ცენტრალური ადგილი, ამ ჩვენს რეგიონში და ჩვენ როგორც მოგეხსენებათ გასული 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მძიმე კონფლიქტი ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, ჩვენ უზრუნველვყოფდით მაქსიმალურად მშვიდობის განმტკიცებას, ეს იყო ჩვენი როლი, რასაც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რომელსახც მშვიდობა მოაქვს:  

"რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტის, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა ამ შეთანხმებით, რაც უპირველესყოვლისა წაადგება რეგიონის, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ეს იყო დიდი ტვირთი, რომელიც ჩვენს რეგიონს აწვა და  ამ კონფლიქტის მოგვარებას კურირებდა ეუთო-ს ფორმატი, სადაც ევროკმავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ უმრავლესობით წარმოდგენილი და ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს საერთოდ და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო,საკუთარი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური წონის ამ კონფლიქტის დასრულება. 

ყველა ნაბიჯი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და რომელიც აჩერებს მას, ყველა ეს ნაბიჯი არის, რა თქმა უნდა, "დიფ დთეითის" შესუსტება," - ამბობს პაპუაშვილი. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზის ხაზის, ნავთობისა და გაზის მილსადენების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო სისტემების შექმნას სომხეთის ტერიტორიის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს ყოფს. ბაქოსა და ერევნის მიერ ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმების შეუძლებლობა ერთადერთი სერიოზული დაბრკოლება იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გზაზე.

მსგავსი სიახლეები