ფსევდო დაპატიჟება ლუკაშენკოს სტილით - რატომ დაარღვია "ოცნებამ" ეუთო/ოდირის მოწვევის წესი?

10.09.25 15:36
ფსევდო დაპატიჟება ლუკაშენკოს სტილით - რატომ დაარღვია "ოცნებამ" ეუთო/ოდირის მოწვევის წესი?

ეუთო/ოდირის უარი "ოცნებას" - ექსპერტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდმა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევა განგებ დააგვიანა. 

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ მოწვევა სპეციალურად არ გაიგზავნა დროულად, რათა ხელისუფლებას შემდეგ ეთქვა, თითქოს ეუთო/ოდირი სხვა მიზეზების გამო არ ჩამოვიდა.

მისი შეფასებით, სწორედ ასე იქმნება პროპაგანდისტული ნარატივი, რომ პასუხისმგებლობა ორგანიზაციას ეკისრება და არა ხელისუფლებას.

დროულად არ გაიგზავნა ეს მოსაწვევი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ მიზანი, რომ ისინი მერე იქით გადასულიყვნენ თავდასხმაზე და ეთქვათ, რომ ეუთო/ოდირს რაღაც სხვა მიზეზების გამო არ სურს საქართველოში ჩამოსვლა. პროპაგანდისტული ტელევიზიების მეშვეობით ეს ნარატივი ვრცელდება. რეალურად, ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" არ სურს და არ სურდა ეუთო/ოდირის მისიის აქ ჩამოსვლა. ეუთო/ოდირის გარდა სხვა საერთაშორისო, სანდო დამკვირვებლებიც არ იქნებიან, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, მისი შედეგების აღიარებას და მის მიმართ ნდობას, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი.

მსგავს შეფასებას აკეთებს „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი, რომლის თქმითაც, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად გაიმეორა ლუკაშენკოს სცენარი - ფორმალურად გააგზავნა მოსაწვევი, რაც სინამდვილეში, დამკვირვებლების ჩამოსვლის დაბლოკვას ისახავდა მიზნად. 

"ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ეუთო/ოდირის მოწვევის წესი. მათ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა. შესაბამისად, მათ გაიმეორეს ზუსტად ლუკაშენკოს ხრიკი, რომელმაც იგივე გააკეთა, ვითომ დაპატიჟა 10 დღით ადრე, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ფსევდო დაპატიჟება მიზნად ისახავდა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას და ეუთო/ოდირზე გადაბრალებას. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ბელარუსული სცენარი, როდესაც დამკვირვებლებს, სინამდვილეში, არ ეპატიჟებიან, მაგრამ ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას, - ამბობს "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა 4 ოქტომბრამდე, ანუ ერთი თვეზე ნაკლებ დროში,  სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. 

მოწვევაზე თანხმობა განაცხადეს იორდანიამ, ტუნისმა, მალდივის რესპუბლიკამ, თურქეთმა, ეთიოპიამ, მონტენეგრომ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, სამხრეთ აფრიკამ, ბულგარეთმა და ყირგიზეთმა.

 

მსგავსი სიახლეები