„ოცნებამ“ ეუთო/ოდირის დაკვირვება არჩევნებზე მიზანმიმართულად შეზღუდა - ზაზა თავაძე

10.09.25 16:55
„ოცნებამ“ ეუთო/ოდირის დაკვირვება არჩევნებზე მიზანმიმართულად შეზღუდა - ზაზა თავაძე

„ოცნებამ“ ეუთო/ოდირის დაკვირვება არჩევნებზე მიზანმიმართულად შეზღუდა, - ამის შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე საუბრობს. მისი თქმით, ეს იქნება პირველი მუნიციპალური არჩევნები ანგარიშგასაწევი საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია არჩევნების ჩატარება ზედამხედველობისა და ოპოზიციის გარეშე.

თავაძის განცხადებით, „ოცნებამ“ განზრახ დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა, რათა მისიისთვის სრულფასოვანი მონიტორინგის შესაძლებლობა არ მიეცა.

ჩვენი პოლიტიკური ძალის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობამ ,,ოცნება” აიძულა, მოეწვია ეუთო/ოდირი. ეს, როგორც ფაქტი, მნიშვნელოვანია, თუმცა ,,ოცნებას” არც ამომრჩეველი და არც თავი უნდა მოვატყუებინოთ, ვინაიდან ,,ოცნების” რეჟიმის მიზანი ეუთო/ოდირისთვის ქმედითი დაკვირვების შესაძლებლობის მიცემა არ არის.

ეს იქნება პირველი მუნიციპალური არჩევნები, რომელიც ეუთო/ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი არჩევნებზე დამკვირვებლების და ოპოზიციის გარეშე გასვლა და არჩევნების აზრის დაკარგვაა. „ოცნებამ“ ეუთო/ოდირის დაკვირვება არჩევნებზე მიზანმიმართულად შეზღუდა.

მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევ დამკვირვებელთა ყოფნა და მძიმე წინასაარჩევნო გარემოს ადგილზე ნახვა მნიშვნელოვანი იყო არჩევნების სათანადოდ შეფასებისთვის იმის მიუხედავად, რომ „ოცნებამ“, პრაქტიკულად, მოსპო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობა.

ე.წ. ხელისუფლებამ, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ უკიდურესად გააუარესა საარჩევნო გარემო და უკვე თვეებია აწარმოებს ამომრჩეველზე სისტემურ ზეწოლას, განზრახ დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა, რათა მისიას, ჩამოსვლის შემთხვევაშიც, სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.

ეუთო/ოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე პერიოდზე დაკვირვება აუცილებელია. ეს კი „ოცნების“ რეჟიმის ინტერესში არ შედიოდა, „ოცნება“ არჩევნებს არჩევნების დღემდეც აყალბებს. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს „ოცნების“ რეჟიმთან პირისპირ, მარტო“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა 4 ოქტომბრამდე, ანუ ერთი თვეზე ნაკლებ დროში,  სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. 

მოწვევაზე თანხმობა განაცხადეს იორდანიამ, ტუნისმა, მალდივის რესპუბლიკამ, თურქეთმა, ეთიოპიამ, მონტენეგრომ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, სამხრეთ აფრიკამ, ბულგარეთმა და ყირგიზეთმა.

 

მსგავსი სიახლეები