"ქალი ქალს არ გავდა, კაცი კაცს არ გავდა"- კობახიძემ აქციის მონაწილეებს „სახედაკარგული ადამიანები“ უწოდა

11.09.25 12:19
"ქალი ქალს არ გავდა, კაცი კაცს არ გავდა"- კობახიძემ აქციის მონაწილეებს „სახედაკარგული ადამიანები“ უწოდა

ირაკლი კობახიძემ პროევროპული აქციების მონაწილეებს „სახედაკარგული ადამიანები“ უწოდა.

 „აქედან ჩანს ის, თუ საითკენ მიაქანებენ ე.წ. ლიბერალები, ფსევდო ლიბერალები თანამედროვე სამყაროს. ეს არის შემაშფოთებელი, კატასტროფული ტენდენციები, ამის გამოხატულება იყო სხვათა შორის ის აქციაც, რომელიც გამართეს სახედაკარგულმა ლიბერალმა აქტივისტებმა ჩვენი შტაბის წინ, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, ქალი ქალს არ გავდა, კაცი კაცს არ გავდა. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელშიც არიან ეს კონკრეტული ადამიანები“, - თქვა კობახიძემ.

ამასთან,  ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 8 სექტემბერს, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, ქალზე ფიზიკური ძალადობის ერთი შემთხვევა იყო. 

„ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა, თუნდაც მას არ ჰქონდეს ქალის სახე, თუნდაც ის ბილწსიტყვაობდეს ნებისმიერი ქალის მიმართ ძალადობა არის დასაგმობი, ეს ერთი და მეორე, ამაზე მინდა გიპასუხოთ, გუშინ დაკავებულ იქნა შესაბამისი პირი, რომელმაც ქალზე იძალადა. ვინც ქალზე იძალადა, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქალზე იყო ფიზიკური შეხება და ეს ადამიანი არის დაკავებული“, - თქვა კობახიძემ.

საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე სამჯერ მოხდა დაპირისპირება.  „ოცნების“ მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს არაეართხელ დაუპირისპირდნენ - გაუსწორდნენ ქალებს, ჟურნალისტებს და დემონსტრანტებს.

მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ 3 პირი დააკავეს - შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორმა აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა, ერთმა კი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. 

მსგავსი სიახლეები