[მეგი დიასამიძის] სისხლის სამართლის წესით დაკავება და 9 საათი ხელებშეკრული დატოვება ნამდვილად დანაშაულია - ადვოკატი
ამ გოგოს დანაშაული არ ჩაუდენია. მისი სისხლის სამართლის წესით დაკავება და 9 საათი ხელებშეკრული დატოვება კი ნამდვილად არის დანაშაული - ამის შესახებ ადვოკატი კახა კოჟორიძე გუშინ დაკავებულ 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეზე წერს.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის სტუდენტი, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დააკავეს.
უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ დიასამიძეს 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება.
მისი თქმით, დიასამიძეს მთელი პერიოდის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და „მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა, ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა“.