რა ვითარებაში მიიღო ჯუანშერ ბურჭულაძემ ტვინის შერყევა

11.09.25 18:20
რა ვითარებაში მიიღო ჯუანშერ ბურჭულაძემ ტვინის  შერყევა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ჰოსპიტალიზებულია - "პირველების" კამერამ გადაიღო კადრები, როგორ გადაჰყავდთ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრი დაკავების შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით. 

კადრების გავრცელების შემდეგ,  სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურმა  მედიას უთხრა, რომ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ "რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა, მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა და ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი".

სუს-ის მტკიცებით, სწორედ ამიტომ მან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა.

რა ვითარებაში მიიღო ჯუანშერ ბურჭულაძემ ტვინის  შერყევა და რამდენად რეალურია ეს განცხადება? კითხვის დასმის საშუალებას ექს-მინისტრის ადვოკატის, დიმიტრი ხაჩიძის  მიერ, "პირველების" ეთერში გაკეთებული განცხადება იძლევა. კერძოდ, უფლებადამცველმა დაადასტურა, რომ ბურჭულაძეს დაკავებამდე წოლითი რეჟიმი ნამდვილად ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ, "საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო".

დიმიტრი ხაჩიძე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მას საქმის მასალები არ გადასცემია და შესაბამისად, ინფორმაცია არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ მას მიღებული აქვს ტრავმა, საყოფაცხოვრებო პირობებში, აქვს წოლითი რეჟიმი და ამიტომ, ექიმის რეკომენდაცია იყო, უნდა გადაიყვანონ შესაბამისი სასწრაფო დახმარების მანქანით,- თქვა ადვოკატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებამდე, რაიმე ჩხუბს ხომ არ ჰქონდა ადგილი, დიმიტრი ხაჩიძე ამტკიცებს, რომ “არანაირი ჩხუბი, მან ეს ტრავმა სახლში მიიღო.“

 სახლში მიიღო, ხომ შეიძლებ წაიქცეს ადამიანი, რა პრობლემაა? სახლში იყო, ჩვეუყლებრივი გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა,- განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

ადვოკატის თქმით, ის მას შემდეგ მივიდა ბურჭულაძის სახლში, რაც ოჯახის წევრებმა დაურეკეს და მისვლა სთხოვეს.

დამირეკეს, მოსულები არიან დასაკავებლადო, მოსულები არიან დასაკავებლადო, მეც მოვედი და პროცედურა უკვე დაწყებული იყო. არ ვიცი სუს-მა რა ჩაატარა და რა თქვა. სასამართლოს განჩინებით არიან მოსულები დაკავებაზეო. მასალებს სავარაუდოდ, ხვალ გამოგვცემენ და მერე ყველაფერს მოგახსენებთ,- ამბობს ის.

"დააკვებას არ ველოდებოდით, რაც შეეხება იმას, რომ ფიქტიური ყიდვა-გაყიდვა, ოპერაციებია ჩატარებული, ეს აბსურდია" -თქვა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მსგავსი სიახლეები