დაჭერები გაგრძელდება? - კობახიძემ ბურჭულაძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ, კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება

12.09.25 17:56
დაჭერები გაგრძელდება? - კობახიძემ ბურჭულაძეზე დასმული კითხვის საპასუხოდ, კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება

გაგრძელდება თუ არა დაჭერები? - ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება.

"ოცნების" პრემიერი აღიარებს, რომ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო და თქვა, რომ "ოცნება" პრევენციის მიზნით ამ კუთხით  ძალიან მკაცრი იქნება.

„თუ არ იქნება მაგალითები, რჩება ცდუნება, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს“ - აცხადებს კობახიძე. 

„ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია მიმდინარე პროექტების ხარჯთეფექტიანობის მაქსიმალურად გაუმჯობესება, მართვის სისტემის ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ.

ყველა მიმართულებით ვიქნებით ეფექტიანებიც და მკაცრებიც. ეს არის ერთადერთი და უპირობო გზა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გუშინ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს არ აღიარებს. თავდაცვის ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ფული არ მიუსაკუთრებია და რასაც აბრალებენ აბსურდია.

მისი დავოკატის თქმით, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოინახულა, ბურჭულაძე აპირებს სამართლებრივ ბრძოლას იმისთვის, რომ მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. 

 

მსგავსი სიახლეები