კალაძე: ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემ მიმართ აქვთ
ძალიან ვუფრთხილდები იმ პატივისცემასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემ მიმართ აქვთ - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერი ირწმუნება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მოქალაქეს ხვდება, რომელთაგანაც მხარდაჭერასა და პატივისცემას გრძნობს.
„წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას და ხედავთ, როგორია იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება უნდა, ვისაც ქალაქის განვითარება უხარია, ვისაც უხარია ქვეყნის აღმშენებლობა. როგორ არ უნდა გინდოდეს და გიხაროდეს, რომ შენს ქვეყანაში მშვიდობა იყოს?! მადლობელი ვარ თითოეული თბილისელის. ყოველდღე ათასობით ადამიანს ვხვდები და შემთხვევითი არ არის, თუნდაც ის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და ასევე, რომელიც ჩემი მისამართით არის. ძალიან მახარებს ეს დამოკიდებულება, ეს პატივისცემა და სიყვარული, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამას ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ, რადგან ჩემი თანამოქალაქეების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. შესაბამისად, ძალიან საინტერესო და ქალაქზე ორიენტირებული პროექტები გვაქვს, რომლებსაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ.
ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს ვესაუბრებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე. ოპოზიციის წარმომადგენლები კი კეტავენ ქუჩებს, აგინებენ და ლანძღავენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძემ იმ აქტივისტებზეც ისაუბრა, რომლებცი ყოველდღე, მათ შორის მის შტაბთან მართავენ აქციას და მათ დემოკრატია დაუწუნ - "ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ, ეს ევროპასთან კავშირში საერთოდ არ არის. ეს არის სიბნელე"
"ყოველდღე იკრიბებიან, ერთმანეთს ხვდებიან, ესაუბრებიან და იგინებიან. ალბათ ხვალაც შეიკრიბებიან. მინდა, ყველა იქ მდგომს, გინდ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანს, ვუსურვო, რომ რეალობას შეხედონ. შეიძლება ვიღაცას სხვა მოსწონდეს, სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, მაგრამ მივიდეთ, ერთმანეთს ცხვირ-პირი დავალეწოთ, ვაგინოთ და ბანერები დავუხიოთ, საარჩევნო კამპანიაში ხელი შევუშალოთ, ეს დემოკრატიასთან და ევროპასთან კავშირში საერთოდ არ არის. ეს არის სიბნელე"