ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჯერ სასამართლოს ეზოში და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე - ლევან სანიკიძე
სამართლებრივი ნონსენსია, რომ იმავე მოსამართლემ, რომელმაც გასცა განჩინება, ახლა თურმე აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჯერ სასამართლოს ეზოში და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე.
მეტი მზადება უნდა დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის - ამბობს სანიკიძე.
„საერთოდ არ არის გასაკვირი რასაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები ახლა აკეთებენ. ცხადზე უცხადესია, რომ ეს განპირობებულია სიმართლის შიშით, 4 ოქტომბრის აქციის შიშით. იმავე მოსამართლემ, რომელმაც გასცა განჩინება, ახლა უნდა იმსჯელოს თურმე აღკვეთის ღონისძიების საჭიროებაზე. ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ქვეყანაში სახალხო დამცველი ოფიციალურად არ გვყავს, არცერთი ინსტიტუცია არ მუშაობს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბრძოლაში არცერთ თანამებრძოლს არავინ არ მიატოვებს, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ლევან ხაბეიშვილზე, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის ამას გააგრძელებს ციხის კედლებიდან იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ აიღებს საკუთარ ხელში უფრო მეტ ინიციატივას, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც დღევანდელი აქციაც იქნება და მე მგონია, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჯერ სასამართლოს ეზოში და შემდეგ უკვე რუსთაველის გამზირზე უნდა გადავინაცვლოთ, სადაც უფრო მეტი მზადება უნდა დავიწყოთ 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციისთვის.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
- ლევან ხაბეიშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე ჩაინიშნა, იმ დროს როცა დედაქალაქში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის საქმე მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილს დაეწერა, იმავე მოსამართლეს, ვინც ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების განჩინება გამოსცა. სწორედ მან უნდა იმსჯელოს ოპოზიციონერი ლიდერის აღკვეთის ღონისძიებაზე.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა.
- ცნობისთვის, დღეს ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით წარუდგინეს. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.