"ოცნება" პოლიტიკური შიშების ტყვეობაში - ვის დააკავებენ კიდევ?

13.09.25 21:40
"ოცნება" პოლიტიკური შიშების ტყვეობაში - ვის დააკავებენ კიდევ?

​"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ვერდიქტს ირაკლი ღარიბაშვილი მოსეშვილის ქუჩაზე, ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარ ბინაში ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი დიდი ხანია, სახელმწიფო თანამდებობას აღარ იკავებს, მისამართზე, პირველ სართულზე, ისევ დაცვა დგას, კორპუსის პერიმეტრს კი ისევ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.

ყოფილი  პრემიერი  თანაგუნდელების დაკავებას დუმილით ხვდება. პირველი ივნისის შემდეგ სოციალურ ქსელში არ გამოქვეყნებულა არცერთი განცხადება. არადა, ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის მხოლოდ ერთი რიგითი კაბინეტის წევრი არ ყოფილა. მათ წლები და ახლო მეგობრობა აკავშირებთ.

როცა მედია შეკითხვებს ბურჭულაძის კორუფციულ გარიგებებზე სვამდა, ღარიბაშვილი მათ მწვავე თავდასხმებით პასუხობდა,  მაგრამ დღეს, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი ახლო მეგობარი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი კორუფციაში ამხილა, თავადაც გაჩუმდა. კამერებს ექს პრემიერი არ დაუფიქსირებია არც კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე  დაკავების შემდეგ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 

ირაკლი ღარიბაშვილი დუმს და ირაკლი ღარიბაშვილზეც დუმს "ქართული ოცნება". ის დეპუტატები, რომლებიც ადრე რიგში იდგნენ და ქების სიტყვებს არ იშურებდნენ ახლა ყოფილი პრემიერის დაცვასაც აღარ ცდილობენ როცა ჟურნალისტი ეკითხება, ემუქრება თუ არა დაჭერა ღარიბაშვილს.

ის, ვინც "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ბევრი იცის, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეს გუნდიდან გაწევას ვერ პატიობს. კობახიძეს კი მუდმივი შიში აქვს, რომ ღარიბაშვილი შურისძიებას და პრემიერად მესამედ დაბრუნებას შეეცდება, ამიტომ მოქმედი ჩინოვნიკი  ივანიშვილის კარზე ყოფილის გაშავებითაა დაკავებული. 

ეს ყველაფერი არ არის, "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ ერთ დროს მისი ფავორიტები ოპოზიციას გაურიგდნენ, რომ "ის დაამხონ". სწორედ ამას ყკავშირდება წყაროს ცნობით, ოპოზიციის ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც. 

ვის დააკავებენ კიდევ - ნატა ქაჯაია დეტალებით