დაკითხეს თუ არა ექს-პრემიერი? - რა პასუხი გასცა ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პროკურორმა

13.09.25 18:26
დაკითხეს თუ არა ექს-პრემიერი? - რა პასუხი გასცა ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პროკურორმა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა.

საქმის პროკურს, გიორგი ლილუაშვილს "პირველებმა" ჰკითხა, დაიკითხა თუ არა საქმის ფარგლებში ყფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ბრალდების მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად ტარდება, იკითხებიან მოწმეები, თუმცა კონკრეტულად ვინ იკითხება ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროებს.

ლილუაშვილმა თქვა ისიც, რომ დღეს ვერ ისაუბრებს, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.

სისხლის სამართლის საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, როგორც მოწმეების გამოკითხვის ოქმები, ასევე დოკუმენტაციაა გამოთხოვილი, ამოღებული სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირისგან. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაცია. ვინ არიან მოწმეები და მსგავს დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. საფრთხეები არსებობდა როგორც ზემოქმედების, ასევე მტკიცებულების მოპოვებაში ხელის შეშლის, მიმალვის და შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღნიშნული საფრთხეები დასაბუთებული იქნა ბრალდების მხარის მიერ, რაც გაითვალისწინა და გაიზიარა სასამართლომ.

რაც შეეხება ბრალდებას, კონკრეტული შესყიდვის შედეგად, რა დროსაც ხელოვნურად იქნა გაზრდილი გორის სამხედრო ჰოსპიტლისთვის კომპიუტერულ ტომოგრაფიული აპარატის ფასი, ზიანი შეადგენს 1 333 728 ლარს, ხოლო უძრავი ქონება რაც შეიძინა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ესპანეთში შეძენილი იქნა 544 ათას ევროდ. მოცემულ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო იმ მომენტისთვის მის საკუთრებაში და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონება აესახა დეკლარაციაში, რაც არ მომხდარა. თანამდებობის პირს, თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში აქვს ვალდებულება, რომ თავიდან შეავსოს დეკლარაცია, შესაბამისად 2025 წლის მარტში მას შევსებული აქვს აღნიშნული დეკლარაცია.

გამოძიებას აქვს შესაბამისი დრო და გამოძიება შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე გადის შედეგზე. როცა შეიქმნა შესაბამისი სტანდარტი, დაიწყო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. დღეის მდგომარეობით ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე. აღნიშნულს გვაჩვენებს გამოძიება. საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, კონკრეტულად ვინ იკითხება აღნიშნულს ვერ გეტყვით“,- განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

  • 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
  • თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.