ეჭვები არსებობს, რომ ბრალი არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს - ბურჭულაძის ადვოკატი
"ეჭვები არსებობს, რომ ეს [ჯუანშერ ბურჭულაძისთვის წარდგენილი ბრალი] არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს" - განცხადება ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, "სასამართლოში ბევრი კანონთან შეუსაბამო მსჯელობა უნახავს, მაგრამ არითმეტიკასთან შეუსაბამო პირველად ნახა.
ადვოკატი სვამს კითხვას, თუ ჯუანშერ ბურჭულაძემ მიიღო უკანონო შემოსავლად ცოტა თანხა, "უფრო მეტ თანხას უბრალოდ ვერ გაათეთრებდა, თეორიულად გამორიცხულია".
რაც შეეხება დეკლარაციის შევსების საკითხს, დიმიტრი ხაჩიძე "ტვ პირველის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ბურჭულაძეს დეკლარაცია უნდა შეევსო 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ქონება [სახლი ესპანეთში] კი შეძენილია 2025 წელს, უფრო გვიან.
ამ ქონებასთან დაკავშირებით მას არც არასდროს დაუმალავს, არც არასდროს ყოფილა ფარული გარიგება, რომ ვითომ, ეს ქონება არ არსებობს, ან მისი არ არის. გაფორმებულია მის მეუღლეზე. შეძენა მოხდა სრულიად კანონიერად. ჩვენ დაახლოებით, 2 კვირის წინ წარვუდგინეთ გამოძიებას მტკიცებულებები იმისა, რომ დაახლოებით, 2-ჯერ მეტი აქვს შემოსავალი მიღებულიყო იმ პერიოდში, როდესაც საერთოდ არ იკავებდა საჯარო სამსახურში რაიმე სახის თანამდებობას.
ეჭვები მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არ ემსახურება სამართლის განხორციელებას, თუ რას ემსახურება ამ სამ დღეში სამ ადვოკატს ცოტა გაგვიჭირდება დადგენა.
შეუძლებელია ბრალდება იყოს ისეთი, როგორიც არის. ერთმანეთს გამორიცხავს. თუ მან მიიღო უკანონო შემოსავლად ცოტა თანხა, უფრო მეტ თანხას, უბრალოდ, ვერ გაათეთრებდა. თეორიულად გამორიცხულია. ჩვენ ბევრი არასწორი მსჯელობა, კანონთან შეუსაბამო მსჯელობა გვინახავს სასამართლოში, მაგრამ არითმეტიკასთან შეუსაბამო პირველად ვნახე," - განაცხადა ადვოკატმა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა.
ვიდრე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდნენ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი მოტივირებულია „სულ სხვა რაღაცით“. ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია.
რაც შეეხება ესპანეთში შეძენლი ქონებას, ექს მინისტრი ამტკიცებს, რომ მისი ღირებულება დედამისის და მისი ქონების გაყიდვით გადაიხადა.
აქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
- 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
- თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.