ხაბეიშვილი მოსამართლეს: იმის გამო, რომ არ გევასებით, ციხეში გამიშვით
"თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე დედამიწაზე, რომელმაც პოლიტიკური განცხადების გამო გაეცით ჩემი დაკავების ორდერი"- ამ სიტყვებით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს.
თქვენ თქვით, რომ უარყოფითი დამოლიდებულბით ხართ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ თურმე [პოლიტიკური] სიტყვის გამო. დამოუკიდებელ სამყაროს არ ახსოვს, რომ სიტყვის გამო პოლიტიკოსი დაეკავებინოთ. თქვენ ვიღაცამ რაღაც გაჩვენათ, მოიტანეს ჩემი პოლიტიკური განცხადება და თქვენ ხართ ერთადერთი მოსამართლე დედამიწაზე ეომელიმაც პოლიტიკური განცხადების გამო, გაეცით დაკავების ორდენი.
ეგებ თქვენ მაინც არ გააკეთოთ რომ აიცილოთ საქმე. დაცვის შესაძლებლობასაც მართმევთ. არ "გევასებით" თურმე, უარყოფითი დამოკიდებულებით ხართ ჩემ მიმართ.
მომეცით შესაძლებლობა 0 პროცენტი მაინც, რომ ვისარგებლო სამართლიანი სასამართლოთი.
ხომ მაქვს უფლება, რომ ვიფიქრო, თქვენი გადაწყვეტილება იქნება პატიმრობა.
იქნებ, იმის უფლება მაინც მომცეთ, რომ დაცვის უფლება. თქვენ იმის გამო, რომ არ გევასებით, ციხეში გამიშვით. თქვენ მომეცით იმის საშუალება, რომ 0,0001% მაინც მჯეროდეს [სამართლიანობის] და აიცილოთ თავი"- თქვა ხაბეიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი პოლიტიკოსების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
მოსამართლის აცილება მოითხოვა როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, ისე ბექა ბასილაიამაც.
ადვოკატების თქმით, ფიქრია სიქტურაშვილია რადგან მან გასცა ლევან ხაბეიშვილი დაკავების განჩინება.
„თქვენ წინასწარ გაქვთ ლევან ხაბეიშვილის საქმეზე ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად არსებობს პატიმრობის საფუძველი. თქვენ არათუ ჩამოყალიბებული გაქვთ პოზიცია, არამედ ორი დღის წინ გაცემული განჩინებით თქვენ თქვით, რომ დანაშაულის შემადგენლობა დაინახეთ... თქვენ აღნიშნეთ, რომ ლევანი მისი ქცევებიდან გამომდინარე სახიფათოა საზოგადოებისთვის. ეს არის პოზიცია. დღეს, აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ?!. თქვენ რაზეც უნდა იმსჯელოთ, უკვე ნამსჯელი გაქვთ... მიგვაჩნია, რომ უნდა აიცილოთ ეს საქმე.“, - თქვა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილებას ითხოვს ადვოკატი ბექა ბასილაიაც, რომელიც მურთაზ ზოდელავას ადვოკატია. მან გაიხსენა, რომ ამავე მოსამართლემ მიიღო სამოქალაქო აქტივისტის, მასწავლებლის იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.