აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ - ბურჭულაძის ადვოკატი
ჯუანშერ ბურჭულაძე მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. კორუფციის ბრალდებით დაკავებული "ოცნების" ექს მაღალჩინოსანი ახლა მეორე ინსტანციის სასამრთლოში ეცდება მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება 100 ათასის ოდენობის გირაოთი შეცვალოს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი ამბობს, რომ ბურჭულაძის მიმართ ბრალდება დაუსაბუთებელია. ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ სამართებრივად არსებობს შანსი, დაცვის მხარემ შედეგს მიაღწიოს.
გამოკითხულნი არიან როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ისე კერძო პირები კერძო ბიზნესიდან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ამ სატენდერო შესყიდვაში. ასევე გამოკითხულია ჯუანშერ ბურჭლაძის ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი, მათ შორის საკმაოდ ასაკოვანი ბებიაც კი. ამჟამად ვის გამოკითხვას აპირებს ბრალდების მხარე ჩემთვის უცნობია.
ჩვენი მხრიდან მიწოდებულია ყველანაირი მკიცებულება. გამოძიებას ხელთ აქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომლითაც საბუთდება არა მხოლოდ ის შემოსავალი, რითაც მან შეიძინა ესპანეთში სახლი, რაც ერთ-ერთი ბრალდებაა, რომ თითქოსდა უკანონო შემოსავლით ლეგალიზაცია მოახდინა და ამით შეიძინა სახლი, ჩვენ გვაქვს მიწოდებული მტკიცებულებები გამოძებისთვის, რომლის თანახმადაც კანონიერი შემოსავლები ჯუანშერ ბურჭულაძის ბევრად აღემატება იმ თანხას, რასაც მას გამოძიება ედავება 194 მუხლით.
ჩვენ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებთ, უბრალოდ, მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე, ბრალდება ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის მიმართ არის დაუსაბუთებელი.
პირველი გეგმა ჩვენი არის აღკვეთის ღონისძების შესახებ განჩინების გასაჩივრება სააპელაციო წესით. ბუნებრივია, ჩვენ ილუზიით არ ვიკვებებით, თუმაც მიგვაჩნია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, იმ სუსი შუამდგომლის საფუძველზე, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, რომელიც გახლდათ სრულიად დაუსაბუთებელი, სამართლებრივად ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მივაღწიოთ რაიმე შედეგს. ჩვენ ორშაბათს გავასაჩივრებთ დღის ბოლომდე, - ამბობს მარი შათირიშვილი.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა.
ვიდრე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდნენ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი მოტივირებულია „სულ სხვა რაღაცით“. ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
- 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
- თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.