"საიდუმლო ტენდერები სუსის გარეშე ვერ ჩატარდებოდა" - მოუწევს თუ არა ბურჭულაძის საქმეზე გამოკითხვაზე მისვლა ლილუაშვილს?

14.09.25 17:25
"საიდუმლო ტენდერები სუსის გარეშე ვერ ჩატარდებოდა" - მოუწევს თუ არა ბურჭულაძის საქმეზე  გამოკითხვაზე მისვლა ლილუაშვილს?

მოუწევს თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე  გამოკითხვაზე მისვლა გრიგოლ ლილუაშვილს? ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო.

კანონის მიხედვით, საიდუმლო ტენდერში მონაწილე კომპანიებს სწორედ სუსი ამოწმებს.

კორუფციის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძეზე არ უნდა გაჩერდეს და საჭიროა, სხვა პირების გამოკითხვაც. 

საქართველოს კანონმდებლობით, კომპანია, რომელმაც მრტ-ს აპარატები შეიძინა თავდაცვის სამინისტროში, მონაწილეობა მიიღო გასაიდუმლოებულ ტენდერში. გასაიდუმლოებულ ტენდერში ვერ მიიღებ მონაწილეობას თუ სუსიდან არ მოგცეს ნებართვა. ე.წ. ფორმა 4. არა მარტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, არამედ სუსის თანამშრომლები არიან დასაკითხი, რომლებმაც ფორმა 4 გასცეს. დასაკითხია სუსის უფროსი, რომელიც უშუალოდ აწერს ამ ყველაფერზე ხელს. ანუ ფიზიკურად კომპანია ვერ მიიღებდა მონაწილეობას ტენდერში თუ მას სუსი არ მისცემდა უფლებას. ეს ნიშნავს, რომ სუსმა ყველაფერი ცოდა ამ ტენდერის შესახებ - შესასყიდი აპარატურა, თანხა. ვერ გაჩედრება ეს გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეზე. გამოძიებას კიდევ სხვა ფიგურანტებიც ჰყავს და ის ფიგურანტებიც უნდა დაასახელოს სუსმა, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე. 

თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებაზე ამ დრომდე სიტყვა არ დაუძრავთ "ოცნების" სხვა ყოფილ ლიდერებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს "ოცნების" სახეა, რომელიც ასე ექცევა "გაგდებულებს". 

ეს არის ის სახე ივანიშვილის რეჟიმის, რომელიც "გაგდებულებს" სწორედ ასე ექცევა იმ შემთხვევაში, თუ მისი რეჟიმის სიმყარეს ასე სჭირდება. ამიტომ ეს უნდა გზავნილი "ქართული ოცნების" თითოეული ჯარისკაცისთვის, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილს ისინი არ დასჭირდება, სწორედ ასევე მოისვრიან სანაგვეზე, როგორც ეს ბატონი ჯუანშერის შემთხვევაში მოხდა, - ამბობს პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლდიერი სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანას კორუპირებული რეჟიმი მართავს, რომელიც მხოლოდ იმაზეა ორინეტირებული, ხალხის ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდონ. 

ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებიდან საქართველოს მოქალაქემ ერთადერთი დასკვნა უნდა გამოიტანოს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს უკიდურესად კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც 14 წელიწადია ძარცვავს ქართველ ხალხს და კორუფციის ხარჯზე მდიდრდებიან თვითონ, როდესაც ღატაკდება ქართველი ხალხი და დროდა დრო ერთმანეთს სხვადასხვა კლანები დაერევიან ხოლმე იმისთვის, რომ მოაიღონ ეს ხალხისგან მოპარული ფული და ივანიშვილის ქვეშევრდომებმა ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდონ, - ამბობს სამადაშვილი. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა.

ვიდრე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდნენ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი მოტივირებულია „სულ სხვა რაღაცით“.  ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

  • 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
  • თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.