ივანიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად - ზოდელავა
ივანიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ბრალის პირველი ნაწილი „ამბოხებას“ უკავშირდება, მაშინ, როცა ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი პროტესტების ლიდერია. „ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ეშინია ქართველი ხალხის ერთიანობის, მათი გამოსვლის 4 ოქტომბერს რუსთაველზე,“ — განაცხადა ზოდელავამ.
პოლიტიკოსის თქმით, მეორე მუხლი, რომელიც ქრთამის შეთავაზებას ეხება, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილი შესაძლოა არ დაემორჩილოს უკანონო ბრძანებებს.
გაიცა ისტერიული ბრძანება. ეს ბრძანება გასცა ივანიშვილმა და ივანიშვილმა წააგო ნერვების ომი და ივანიშვილმა, ფაქტობრივად, აღიარა ლევან ხაბეიშვილი მშვიდობიანი რევოლუციის ნამდვილ ლიდერად. ეს არის ცალსახა ფაქტი.
რაც შეეხება იმას, რა მუხლები აქვს წაყენებული, ეს არის ორი აბსურდული მუხლი. ეს არის ორი მთავარი შიში, რომელიც გამოასხივა ივანიშვილმა. ერთი მუხლი არის ის რაღაც ვითომ ამბოხება, მაშინ, როდესაც სრულიად მშვიდობიანი პროტესტების ლიდერია ლევანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ეშინია ქართველი ერის, ძალის დემონსტრირების, ბევრი ხალხის მოსვლის რუსთაველზე, თბილისში, კონკრეტულ თარიღს, 4 ოქტომბერს და მეორე, რომელიც ეხება ქრთამის დეტალს, სრულ სისულელეს, მაგრამ მისი შიში აქ უკვე ჩანს იმაში, რომ ფიქრობს, რომ ძალოვნების ძალიან დიდი ნაწილი არ შეასრულებს დანაშაულებრივ ბრძანებას, - თქვა მურთაზ ზოდელავამ.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს სასამართლომ ზოდელავას, რომელიც გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით იყო დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იგი გირაოს გადახდამდე იმყოფებოდა.
ბრალდების მტკიცებით, ზოდელავა უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დამალვა სცადა, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს ჩხრეკის განჩინება უკვე გაცემული ჰქონდა.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას გულისხმობს.