„ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკეტა გრეგოროვასთან

15.09.25 11:38
„ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე რეალურია" - ექსკლუზიური ინტერვიუ მარკეტა გრეგოროვასთან

უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალურია.
საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გახდება ცნობილი. ამაზე "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საუბრობს. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პროგრესი და განვითარება არ სურს.

გრეგოროვას შეფასებით, ივანიშვილის გუნდი აგრძელებს რეპრესიებს და არ აუქმებს დრაკონულ კანონმდებლობას, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან.

ევროკავშირში ინტეგრაცია არ იქნება თუ ქართული ოცნება გააგრძელებს იმის კეთებას რასაც ახლა ვხედავთ. ეს მათ ძალიან კარგად იციან. ისინი იღებენ კანონმდებლობას რომელიც შეუთავსებელია ევროპულ კანონმდებლობასთან. და მათ კარგად იციან რომ ევროპული ინტეგრაცია, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, მოითხოვს კანონმდებლობის თანხვედრაში მოყვანას ევროპულ კანონმდებლობასთან. ისინი იყვნენ პირველები, ვინც გადადგა ნაბიჯები ევროკავშირის წინააღმდეგ და ახლა რასაც ვხედავთ, ევროკომისიის მხრიდან, არის მხოლოდ რეაქცია, და გულწრფელად გითხრათ, ძალიან რბილი რეაქცია, ვფიქრობ, ზედმეტად რბილიც კი, - ამბობს ჩეხი ევროპარლამენტარი. 

 

გრეგოროვამ ასევე დაუპირისპირდა „ოცნების“ პროპაგანდას, რომელიც, მისი შეფასებით, ტყუილებზეა აგებული.

"ოცნების" პროპაგანდა რა თქმა უნდა, ტყუილია. რადგან ერთსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში საერთოდ არ არსებობს. ახლა ჩეხეთიდან გესაუბრებით და ჩვენ არ გვაქვს ერთსქესიანთა ქორწინება და ჩეხეთი ევროკავშირის წევრია უკვე 21 წელია. და გინდათ თქვათ,რომ  21 წლის განმავლობაში რაღაცის გაკეთებას უშედეგოდ გვაიძულებენ? ეს ხომ ნონსენსია. ეს არაფერ კავშირშია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. სიმართლე გითხრათ, ახლა გამოსავალის დანახვა მიჭირს. მე არ მჯერა, რომ ზეწოლის გარეშე შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი სახის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, - განაცხადა ჩეხმა ევროპარლამენტარმა.

გრეგოროვამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის ვადებზე და შედეგებზე.

ევროკომისიის მიერ დაწესებული ვადა ისე ამოიწურა,რომ  ხელშესახები პროგრესი "ქართულ ოცნებას" არ აქვს. ახლა კი რაც მოხდება არის ის, რომ ევროკომისიას შეუძლია, მერვე მუხლის საფუძველზე წამოჭრას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ინიციატივა. ამ საკითხის გადაწყვეტას არ სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა, ამიტომ ამ ინიციატივას ვერ დაბლოკავენ უნგრეთი ან სლოვაკეთი. თუმცა, სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება დააზარალებს არა მხოლოდ ოცნების მაღალჩინოსნებს, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ასე რომ, ახლა ევროკავშირი რთული გამოწვევის წინაშე დგას როგორ მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე ისე, რომ პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები ან თუნდაც სრულიად ქართული საზოგადოება ამით არ დააზარალოს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

გრეგოროვამ ასევე პერსონალური სანქციების თემასაც შეეხო. 

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ გზას რომ ვიქტორ ორბანი შესაძლოა ამ ნაბიჯზე დაითანხმონ. თუმცა, ფაქტი რომ შესაძლოა არ დაწესდეს ფართო, ერთსულოვანი სანქციები არ ნიშნავს იმას,რომ უნგრეთის და სლოვაკეთის გამოკლებით სხვა ქვეყნებს, ანუ 25 ქვეყანას არ შეუძლია დაუწესოს ნაციონალურ დონეზე შეზღუდვები ოცნების ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებასაც უზარმაზარი გავლენა ექნება. როგორც ვიცი, რამდენიმე ქვეყანას ასეთი სანქციები უკვე დაწესებული აქვს, - განაცხადა გრეგოროვამ.