კუპრაძე: თბილისის ბიუჯეტი საკმარისია, რომ ყველა მოსწავლეს სკოლაში უფასო კვება ჰქონდეს

15.09.25 12:00
კუპრაძე: თბილისის ბიუჯეტი საკმარისია, რომ ყველა მოსწავლეს სკოლაში უფასო კვება ჰქონდეს

 

 

ჩვენი მთავარი დაპირება იქნება, რომ გამოვყოფთ 100 მლნ ლარს 200 ათასი მოსწავლისთვის თბილისში იმისთვის, რომ სკოლებში არსებობდეს უფასო კვება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის შეფასებით, ბავშვთა შიმშილი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება და ეს პირდაპირ აზიანებს სწავლას, მოსწავლეთა განვითარებასა და მომავალს.

მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი პროგრამა რეალურად განხორციელდეს, თუ პრიორიტეტები სწორად გადანაწილდება.

ვულოცავ თითოეულ მშობელს და მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე და თბილისში 200 ათას მოსწავლეზე. დღეს, ყველა კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, განიცდის მწვავე შიმშილს, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე და ამაზე პასუხი სახელმწიფოს ფიზიკურად არ გააჩნია. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი, სადაც ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 

ბოლო წლებში გამოქვეყნებული პიზას კვლევების მიხედვით, ცხადია, რომ 81 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან, ქართველი მოსაწავლეები იკავებენ ბოლო ადგილებს წაკითხულის გააზრებაში 66 ადგილს, მე-60-ე ადგილს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 66-ე ადგილს მათემატიკაში და ა.შ. ეს არის იმ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება, რაც არის ბავშვთა შიმშილი სკოლებში.

ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც დავიწყეთ სკოლებში უფასო კვების დანერგვა. ვაგვარებთ ამით ბავშვთა შიმშილის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში და დღეს თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულიად შესაძლებელია, თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მლნ ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და თბილისში მცხოვრები 200 ათასი მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.

ჩვენ მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება არის აუცილებელი. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც უნდა იყოს შეუქცევადად კეთილდღეობისკენ მიმართული. მათი მენტალური ჯანმრთელობა, მათი განვითარება უნდა იყოს თბილისის პრიორიტეტი.

ჩვენი მთავარი დაპირება იქნება, რომ გამოვყოფთ 100 მლნ ლარს 200 ათასი მოსწავლისთვის თბილისში იმისთვის, რომ სკოლებში არსებობდეს უფასო კვება, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.