ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა "ოცნებამ" განგებ გააჭიანურა - ოპოზიციის პასუხი კობახიძის განცხადებაზე

15.09.25 17:42
ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა "ოცნებამ" განგებ გააჭიანურა - ოპოზიციის პასუხი კობახიძის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნებზე დაკვირვებაზე უარი ოპოზიციის კრიტიკის გამო თქვა, "ლელოს" და გახარიას გუნდში პასუხებენ.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნების" პრემიერმა სადამკვირვებლო მისიის მოწვევა განგებ გააჭიანურა, რათა მათ ქვეყანაში ჩამოსვლა ვეღარ მოეხერხებინათ. 

ეუთო/ოდირის არჩამოსვლა არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დაგეგმილი სპეცოპერაცია პროცესის წინააღმდეგ მარტივი მიზეზის გამო: მაშინ, როცა საუბარი იყო სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე, ირაკლი კობახიძემ ეს შესაძლებლობა და დრო სპეციალურად გაუშვა ხელიდან, დაგვიანებული მიმართვა გააკეთა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისადმი იმისთვის, რომ მას, რეალურად, ვერ მოეხერხებინა ჩამოსვლა სადამკვირვებლო მისიით 4 ოქტომრბისთვის და ეს არის ის დარტყმა დემოკრატიის, საარჩევნოს სტანდარტების წინააღმდეგ, რასაც ივანიშვილი ყოველთვის აკეთებდა და ყოველთვის გააკეთებს, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი კი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ დადგა, რომ პროევროპული ოპოზიცია მონაწილეობს არჩევნებში. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით ცდილობს შექმნას კონკურენტუნარიანობის ილუზია და გადაფაროს ის მასშტაბური სისტემური დარღვევები, რომელთა ფონზეც ქვეყანაში უკვე მეორე არჩევნები ტარდება.

ეუთო/ოდირის დაპატიჟება ჩვენს ქვეყანაში დადგა დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ, რომ პროევროპული ოპოზიცია და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ამით ცდილობდა, რომ არჩევნები გაეხადა კონკურენტუნარიანი და ყურადღება არ გაემახვილებინა იმაზე, რომ რამხელა სისტემური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს ქვეყანაში უკვე მეორე არჩევნები. ბოლო დასკვნა იყო ისეთი მწვავე, რომ ასეთი მწვავე ეუთო/ოდირის დასკვნა არ ყოფილა ისტორიაში საქართველოს მიმართულებით არასდროს, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა. 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევა 4 ოქტომბრამდე, ანუ ერთი თვეზე ნაკლებ დროში,  სანდო და ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

გუშინ "ოცნების" პრემიერმა განაცხდაა, თითქოსდა ეუთო/ოდირის მისიის საქართველოში ჩამოსვლის პრობლემები ოპოზიციის კრიტიკამ გამოიწვია. "ოცნება" პასუხისმგებლობას რადიკალურ ოპოზიციას და მათ „უცხოელ პარტნიორებს“ აკისრებს, რომლებსაც, მისი მტკიცებით, სადამკვირვებლო მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ.