"არ ჩაუვლია დაკავებას საპროცესო დარღვევების გარეშე" - ელენე ხოშტარიას ადვოკატი

15.09.25 20:55
"არ ჩაუვლია დაკავებას საპროცესო დარღვევების გარეშე" - ელენე ხოშტარიას ადვოკატი

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას საპროცესო დარღვევების გარეშე არ ჩაუვლია. 

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას არ მისცეს უფლება დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა ადვოკატს. ასევე, მისთვის არ განუმარტავთ რის საფუძველზე, ან რა დანაშაულისთვის აკავებდნენ. 

არ ჩაუვლია დაკავებას საპროცესო დარღვევების გარეშე, მათ შორის დაირღვა უმნიშვნელოვანესი უფლება, რომ მას შეეტყობინებინა დაუყოვნებლივ თავისი ადვოკატისთვის, რაც მოითხოვა კიდეც, თუმცა მიიღო ამასთან დაკავშირებით უარი და ასევე, მისთვის არც განუმარტავთ, რის საფუძველზე იყო, ან რა დანაშაულზე იყო დაკავებული. 

გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, რომ ელენე ხოშტარია არის მორიგი პოლიტპატიმარი ქალი საქართველოში და რომ მას აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს იმიტომ, რომ ამისთვის აუცილებელი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები არ არსებობს. არავითარი მიზეზი, ან არგუმენტი არ შეიძლება არსებობდეს იურიდიული, სამართლებრივი ობიექტურ ქვეყანაში იმისთვის, რატომ უნდა მოითხოვონ ელენესთვის რაიმე აღკვეთი ღონისძიების შეფარდება. 

თავს გრძნობს ყოჩაღად, მხნედ და კარგად, არის ძველებურად ენთუზიაზმით აღსავსე. მის მიმართ ძალადობას - არც ფიზიკურს, არც ფსიქიკურს ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ მუხლი, რომლითაც ელენე ხოშტარია დააკავეს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-მ კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ოპოზიციონერ ლიდერის მიმართ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.